X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

არქიტექტურული კონცეფციების გამოსავლენად მორიგი კომისიის სხდომა ჩატარდა

10 ნოემბერი 2025

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა არქიტექტურული საპროექტო კონცეფციების გამოსავლენად მორიგი საკონკურსო კომისიის სხდომა. სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე ესწრებოდნენ.

კომისიამ განიხილა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსებში წარმოდგენილი კონცეფციები თერჯოლისა და ჩაქვის საჯარო სკოლებისთვის, ქუთაისის სპორტის სასახლესა და გურჯაანის მულტიფუნქციური ცენტრისთვის.

თერჯოლის საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის პროექტის შესარჩევად განხილული იყო 14 არქიტექტურული წინადადება, ხოლო ჩაქვის 2000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის კონკურსში წარმოდგენილი იყო 13 წინადადება. ორივე პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სასწავლო სივრცეებს, სპორტულ დარბაზებსა და რეკრეაციულ ზონებს.

ქუთაისის სპორტის სასახლისთვის, რომელიც 5000 მაყურებელზეა გათვლილი, კომისიამ განიხილა 9 არქიტექტურული კონცეფცია და გადაწყდა, რომ გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად საჭირო იქნება დამატებითი შეხვედრა. სპორტის სასახლე გათვლილი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიმართ ინტერესი 8 არქიტექტურულმა ბიურომ გამოხატა. კომპლექსში მოეწყობა მრავალფუნქციური დარბაზები, დიდი და საბავშვო აუზები, სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეები, ასევე სპორტული დარბაზები სხვადასხვა სახეობებისთვის.

არქტირეტორთა მხრიდან არქიტექტურული კონკურსების მიმართ ინტერესი და შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, რაც ქმნის კონკურენტულ გარემოს და ხელს უწყობს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და ფუნქციურად გამართული პროექტების შერჩევას.

საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის, არქიტექტორთა კავშირის და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

გამარჯვებული კონცეფციები რამდენიმე დღეში გამოვლინდება.